Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს […]
Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ შვიდ გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. სამივე გამარჯვებული გუნდი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს საქართველოს ბანკისგან და დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი).
პროგრამის გამარჯვებულები გახდნენ:
- Sign & Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან. პროგრამა, რომელსაც ეცოდინება ჟესტების ენა, გადათარგმნის ხელთათმანით გაკეთებულ ჟესტს, ხოლო სპიკერი გაახმოვანებს შესაბამის წინადადებას.
- Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს. პროექტის მიზანია სკოლების აღჭურვა ამ ტექნოლოგიის მქონე მერხებით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბრაილის შრიფტის შესწავლას.
- Book AR – ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს. ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს დაინახოს ტექსტის ძირითადი სათქმელი, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.
„წელს პროგრამა Social Impact Award-ი პირველად ჩავატარეთ და ძალიან გვიხარია, რომ პირველივე წელს პროგრამაში ამდენი სტუდენტი ჩაერთო. საერთო ჯამში 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო ვორქშოფებში მონაწილეობა, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მომავალ წელს პროგრამა საქართველოს რეგიონებშიც გავიტანოთ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, ვფიქრობთ, პროგრამამ მიაღწია დასახულ მიზანს, სამივე გამარჯვებული გუნდი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეებთან თანამშრომლობას და აუცილებლად ჩავრთავთ მათ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.“ – განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.
„ევროპის ფონდი მოხარულია, რომ Social Impact Award-ის პირველმა წელმა წარმატებით ჩაიარა. მისასალმებელია ახალგაზრდების გაზრდილი ინტერესი სოციალური მეწარმეობის მიმართ და მათ მიერ გაწეული ძალისხმევა სოციალური პრობლემების გადასაჭრელად. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა გააქტიურდება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც და შეეცდებიან სამეწარმეო მიდგომებით მოაგვარონ მათთვის აქტუალური საკითხები. ფონდი მომავალშიც განაგრძობს სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერას და არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას შესთავაზებს ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს.“ – აღნიშნა ევროპის ფონდის პროგრამის მენეჯერმა ნანა გამყრელიძემ.
„საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში. დღეს გვყავს გამარჯვებული გუნდები, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი, სოციალური მოწერამეობის ხელშეწყობის მიზნით, გამრაჯვებულ გუნდებს ფულად ჯილდოს გადასცემს. ვიმედოვნებთ ისინი წარმატებით განახორციელებენ პროექტებს სოციალური მეწარმეობის კუთხით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ Social Impact Award პროექტში ჩართული იყო ახალგზარდა თაობა სტუდენტების სახით – მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია“ – განაცხადა საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.
Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 18 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც შეუერთდა. SIA-ს პარტნიორია საქართველოს ბანკი.